გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საქაშეთთან მოხდა.
საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ორი პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი საქაშეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, დაჩი მოგელაშვილია.
„დიდი ელდაა სკოლისთვის და მოუშუშებელი ტკივილი დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება. ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი. ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და მეგობრული. მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან სიყვარულით იყო გაჯერებული. მასწავლებლების მიმართ თავაზიანი და კეთილგანწყობილი. საზოგადოებისთვის ზრდილი და კეთილი.
დიდი დანაკლისია სკოლისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის სიცოცხლეზე შეყვარებული ბიჭის გარდაცვალება”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.