რაჯასტანის შტატში, ინდოეთში, არასერტიფიცირებულმა ხველის სიროფმა ორი ბავშვი იმსხვერპლა და კიდევ რვა პატარა პაციენტი და ორი სამედიცინო მუშაკი მოიწამლა. ამის შესახებ იტყობინება NDTV.
პირველი მსხვერპლი ორი წლის სამრატი იყო. სექტემბრის ბოლოს ის, მისი და და ბიძაშვილი გაცივდნენ, ექიმმა სახელად ტარაჩანდ იოგიმ, სამივე ბავშვს გამოუწერა Kayson Pharma-ს სიროფი. ბავშვებმა მიიღეს წამალი და მალევე დაკარგეს გონება. მშობლებმა მხოლოდ ორის გადარჩენა მოახერხეს, 2 წლის სამრატი გარდაიცვალა.
რამდენიმე დღის შემდეგ მსგავსი შემთხვევა განმეორდა, ამჯერად, ხუთი წლის ნიტიშმა დალია წამალი. დედამ მას ძილის წინ იგივე სიროფი მისცა და ბავშვმა ვეღარ გაიღვიძა. ამ შემთხვევის შემდეგ ტარაჩანდ იოგიმ სცადა დაემტკიცებინა, რომ წამალი უსაფრთხო იყო და თავად დალია ის. სიროფი ასევე დალია სასწრაფო დახმარების მძღოლმაც. ტარაჩანდ იოგი რვა საათის შემდეგ მანქანაში უგონოდ იპოვეს, მისი გადარჩენა მოხერხდა. მოგვიანებით მძღოლმაც თქვა, რომ იგივე სიმპტომები განიცადა და სასწაულით გადარჩა.
შემთხვევების შემდეგ რაჯასტანის ხელისუფლებამ აკრძალა Kayson Pharma-ს სიროფის გამოყენება მკურნალობაში და შეაჩერა მისი გავრცელება. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ფატალური შემთხვევები თავად პრეპარატის ტოქსიკურობას თუ მის გადაჭარბებულ დოზირებას.