ინდოეთში, ძლიერი წვიმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. გამოცემა “როიტერი” ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩაშოტის ქალაქში, რომელიც ინდუისტი ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია, სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.
- სოციალურ მედიაში გავრცელებული დრამატული ვიდეოების თანახმად, წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გზები დატბორა, შენობები დაანგრია და მანქანები წაიღო.
სტიქია ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი პოლიცია და კატასტროფების რეაგირების სამსახურის წარმომადგენლები.



“ასევე გააქტიურდნენ არმიისა და საჰაერო ძალების ჯგუფები. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები“, – განაცხადა კიშტვარის ოლქის დივიზიის კომისარმა რამეშ კუმარმა.
გადარჩენილი ადამიანების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უამინდობის გამო გაუქმდა რამდენიმე ღონისძიება, რომლებიც პარასკევს ინდოეთის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის წლისთავის აღსანიშნავად იყო დაგეგმილი.

ამ თვის დასაწყისში, ინდოეთის ჩრდილოეთ უტარაკჰანდის შტატში, ჰიმალაის მთიანეთში მდებარე სოფელში წყალდიდობის კიდევ ერთმა ტალღამ სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.