გუშინ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სპორტსმენი 14 წლის მოზარდზე ფიზიკურად ძალადობს. ვიდეოს ავტორი, გვანცა ბაუჟაძე, აცხადებს, რომ დაპირისპირება მაღაზიაში დაიწყო მას შემდეგ, რაც მოზარდი მოლარეს გამოესარჩლა და ვიბლიანს მოუწოდა, ეჩქარა. ამ სიტყვების გამო, ვიბლიანმა ბავშვზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
კადრებში ჩანს, რომ ვიბლიანი უმოწყალოდ ურტყამს ბავშვს, ხოლო ამას მისი მცირეწლოვანი შვილიც ესწრება. ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ ცემის ფაქტი 2 წუთსა და 30 წამს გრძელდებოდა და კადრები იმდენად მძიმეა, რომ სრულად არ გაავრცელეს. ინციდენტში ჩართულია პოლიცია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.
“ქალი რომელიც საკუთარ მცირეწლოვან შვილსაც არ ინდობს და ამ ყველაფერს ატირებულ ბავშვს აყურებინებს, დედობაც უნდა ჩამოერთვას.” – წერენ სოციალურ ქსელში.

გავრცელებულ ვიდეოში კიდევ ერთი უმძიმესი დეტალია: კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც შემთხვევას შეესწრო, თუმცა ქალის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია. ამან საზოგადოებაში მრისხანება გამოიწვია. მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი გულგრილობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. მიუხედავად აღძრული საქმისა, ამ დროისთვის ვიბლიანი დაკავებული არ არის.
- ვინ არის ხატია ვიბლიანი?
საზოგადოებამ ხატია ვიბლიანი 2024 წელს გაიცნო, მას შემდეგ, რაც მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც მას მამაკაცი მსაჯი გაოცებით უყურებდა. ამან ვიბლიანს დიდი პოპულარობა მოუტანა.

როგორც მან იმავე წელს ჟურნალ “გზისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ის 30 წლისაა და ფიტნეს-ინსტრუქტორია. მისი სპორტული გზა ბავშვობიდან დაიწყო, რაშიც დიდი წვლილი მამას მიუძღვის:
“მამას ბიჭი არ ჰყავს. ყოველთვის უნდოდა, ჰყოლოდა. ამიტომ ‘ბიჭურად’ მზრდიდა: ყოველ საღამოს კრივში, მკლავჭიდში მავარჯიშებდა. თავად არ მსიამოვნებდა, ძალიან ვიღლებოდი”, – იხსენებს ის.
ხატია ამბობს, რომ მკლავჭიდელობა არ ყოფილა მისი მიზანი, თუმცა “გენებმა თავისი ქნა” და სპორტს დაუბრუნდა. მას დიდი სურვილი აქვს, მამამ დაინახოს, რომ მისი საქმე გააგრძელა.
“მსურს, მამამ დაინახოს, რომ მის საქმეს ვაგრძელებ”, – ამბობს ვიბლიანი.
ვიბლიანი 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა, სადაც უცხო ენებს სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა ბარში, რესტორანში და ფოტომოდელადაც კი. ის პოლიგლოტია და ფლობს რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებს, ახლა კი თურქულსაც სწავლობს.
ინტერვიუში მკლავჭიდელმა განაცხადა, რომ არ იმყოფება ქორწინებაში და მარტო ზრდის ორ შვილს. ის წარმოშობით სვანეთიდანაა, სადაც გაიზარდა, ახლა კი თბილისში ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში მას პლასტიკური ოპერაციების გამო აკრიტიკებენ, ვიბლიანი განმარტავს:
“მხოლოდ ზედა ტუჩი მაქვს გაკეთებული… ცხვირის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებ, რადგან ძგიდე გადახრილი მაქვს, თუმცა ვარჯიშის გამო, გარკვეული პერიოდი ოპერაციას ვერ გავიკეთებ.”
ხატია ვიბლიანი ასევე აღნიშნავს, რომ მკლავჭიდი საქართველოში “დაჩაგრული” სპორტია, რადგან სახელმწიფო მას არ აფინანსებს და სპორტსმენებს ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის საკუთარი ხარჯებით უწევთ გამგზავრება. თუმცა, მისივე სიტყვებით, ამ სპორტის სიყვარულის გამო, ეს ყველაფერი უღირს.